logo
ENG



ლელო გამარჯვების შემთხვევაში პენსიების 1 000 ლარამდე ზრდას აანონსებს

06 დეკ 202312:54
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელო საქართველოსთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსიების 1 000 ლარამდე ზრდას აანონსებს. პარტიის წევრებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ეს არ არის წინასაარჩევნო დაპირება და "ეს რეალური გეგმაა".

პარტიაში ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა უკვე დათვლილი და შეფასებულია ეკონომისტების მიერ და პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა უკვე მომავალი წლიდან არის შესაძლებელი.

"დღეს ქართველ პენსიონერს არ აქვს შესაძლებლობა, გაუძლოს იმ მინიმალურ გამოწვევებს, რომელიც მას ყოფით ცხოვრებაში აქვს. ქართული ოცნება ზრუნავს მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე და საკუთარ ჯიბეზე. ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არის დღეისთვის უკვე დათვლილი, შეფასებული ექსპერტების, ეკონომისტების მიერ და 2024 წლიდან შესაძლებელია და გარდაუვალია, რომ პენსია გაიზარდოს, რეალურად და მნიშვნელოვნად და ის შეადგენდეს 1 000 ლარს", - განაცხადა ლელო საქართველოსთვის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.

ბრიფინგზე ლელო საქართველოსთვის წევრმა ვატო სურგულაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ბიუჯეტი 60 მილიარდამდე გაიზრდება.

"სრულად გვაქვს იმის საშუალება, ხელისუფლებაში როცა მოვალთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი 4 წლის განმავლობაში, შეიძლება ნაკლებ დროშიც, 60 მილიარდი გახდეს და ეს არ არის წინასაარჩევნო დაპირება. ქვეყანა ფასდება იმით, როგორ ზრუნავს ბავშვებსა და ხანდაზმულებზე. ხანდაზმულების კეთილდღეობა, ის, რომ ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ ხვალინდელი დღის და უნდა ჰქონდეთ ღირსეული პენსია, ეს არის სრულად შესრულებადი ამოცანა", - თქვა სურგულაძემ.


close დახურვა