logo
ENG



ლელო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დაბრუნდნენ 19 აპრილის შეთანხმებას

03 მარ 202215:33
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელო ქართულ ოცნებას მოუწოდებს, უახლოეს ვადებში 19 აპრილის დოკუმენტის შესრულებას დაბრუნდეს.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება დარჩება მხოლოდ დოკუმენტად, თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს არ დაუბრუნდება.

"ჩვენი მოქალაქეების და ახალგაზრდების პროტესტის ფონზე, ქართული ოცნება იძულებული გახდა შეეტანა განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს მოხდა სერიოზული ზეწოლის ფონზე, როგორც ნათქვამია სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი დარჩება განცხადებად, მორიგ ტრიუკად, თუ ქართული ოცნება არ დაუბრუნდება 19 აპრილის დოკუმენტს, რომელსაც შემოკლებით ჰქვია შარლ მიშელის დოკუმენტი.

პარტია ლელო იყო პირველი, ვინც შეუერთდა ამ დოკუმენტს და იგი არ გასულა ამ დოკუმენტიდან, მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, რომ ის განაცხადი, რომ არ დარჩეს კიდევ ერთი მოტყუება საზოგადოების, სასწრაფო წესით გააკეთოს განცხადება, რომ იგი უბრუნდება შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას მოკლე ვადებში", - განაცხადა ხაზარაძემ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს საქართველო დღეს, 3 მარტს წარადგენს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ წევრობაზე განაცხადს 2024 წელს შეიტანდნენ, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გააკეთონ.

***

ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ პარლამენტის ბოიკოტი და მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი უძღოდა. ენმ-ს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, ბოიკოტი დაარღვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა. 

დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ნაწილი - შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.  

2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. 

რა წერია 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტში ნახეთ აქ.


close დახურვა