logo
ENG



ლელო მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევაზე: EU-ს დადგენილი კრიტერიუმების უგულებელყოფაა

24 ოქტ 202212:42
3 წუთის საკითხავი
 

ლელოს განცხადებით, ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ევროპული კავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრული უგულებელყოფაა და მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას.

მათი თქმით, იუსტიციის საბჭოში განხორციელებული ფასადური არჩევნებით, ქართულმა ოცნებამ განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ევროინტეგრაციის პროცესზე ღიად თავდასხმა.

"ევროპული კომისიის 12 პუნქტის შესრულების მაგიერ, ხელისუფლებამ დღეს მორიგ ჯერზე გაამყარა "სასამართლო კლანის" ძალაუფლება და გააძლიერა საკუთარი პოლიტიკური კონტროლი მართლმსაჯულების სისტემაზე.

სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმის განხორციელების ნაცვლად, რაც ევროინტეგრაციის პროცესის სულისკვეთებას ასახავდა, მმართველმა გუნდმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად "კლანის" ორი გავლენიანი სახე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.

ერთი მხრივ, ეს წარმოადგენს ოლიგარქიული რეჟიმის მცდელობას, რომ ყველა ინსტიტუტზე, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების სისტემაზე, დაამყაროს ტოტალური კონტროლი. მეორე მხრივ, დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროპული კავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრულ უგულებელყოფას და მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას.

დღეს ქართულმა ოცნებამ მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად აუცილებელი რეფორმებიდან არცერთი რეფორმის განხორციელებას, რადგან ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაშია დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ევროპული კავშირის იდეალებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს


close დახურვა