პარტია ლელო საქართველოსთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობა დანაშაულებრივია.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დროს გაჩენილმა კრიზისებმა და განსაკუთრებით პანსიონის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ხელისუფლების უუნარობა და ინსტიტუციონალური რღვევა.
"ამას ადასტურებს სახალხო დამცველის მოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებში, ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებზე რამდენიმე საქმეა აღძრული.
დანაშაულებრივია ხელისუფლების უმოქმედობა ამ თემაზე გაურკვეველი და ბუნდოვანი ელექტორალური ზიანის შიშით. პრობლემა მწვავეა და მისი სასწრაფოდ მოგვარება ყველას ინტერესია, რადგან ბავშვების უფლებები ირღვევა და ილახება, როგორც სახელმწიფოს ისე ეკლესიის იმიჯი.
როდესაც საზოგადოებაში არის ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი არსებობს მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში, არ შეიძლება გაგრძელდეს ეს აუხსნელი ჩაკეტილობა, უნდა გაიხსნას პანსიონის კარი, რათა შეკითხვებს გაეცეს პასუხი, იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქო თავად გადადგამს ამ ნაბიჯს, შემდგომი პროცესი გახდება გამჭვირვალე და საზოგადოებას მიეცემა ამომწოურავი პასუხი ყველა კითხვაზე.
კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომ დროზე გაატაროს ყველა ქმედითი ღონისძიება იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას", - ნათქვამია ლელო-ს განცხადებაში.
სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.
გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.
პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.