ლელო რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლელოს ეს მოთხოვნა უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან აქვს, თუმცა "განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა".
"ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთი შეჭრისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა რუსეთი პირდაპირ დაასახელა, როგორც საქართველოში ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოდ", - ვკითხულობთ ლელოს განცხადებაში.
ლელო ითხოვს დროებითი ზომების შემოღებას, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი.
- შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნების მოქალაქეები);
- დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ);
- 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით.