logo
ENG



ლელო შოვის სტიქიაზე გამოძიების მიმდინარეობის შედეგების გასაჯაროებას მოითხოვს

23 ოქტ 202312:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/23/bzvktwt5yubqhbe.jpg

პარტია ლელო შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის შედეგების გასაჯაროებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.

"ლელო მოითხოვს და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოძიების მწარმოებელ ორგანოს, ე.წ. გამოძიება სადაც მიმდინარეობს და რუსული გამოძიების ხელმძღვანელობას, რუსულ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს გამოძიების მიმდინარეობის შედეგები და ეცნობოს საზოგადოებას, თუ რა ეტაპზე და როგორ მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე მოითხოვს, დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს თერმული დრონით ჩანაწერები, გასაჯაროვდეს ტრაგედიის პირველივე ღამის პირველივე წამებიდან და დადგინდა თუ არა ის, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი იმასთან დაკავშირებით, რომ არ განთავსდა ადრეული გაფრთხილების სისტემები", - ამბობს სამუშია.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. 

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. 1 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.

რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".


close დახურვა