"ლელო ძლიერი საქართველო" ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია და არ არის სამართლიანი.
"დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას და ის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად არის ქცეული.
ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან. განსაკუთრებით საგანგაშოა მცდელობა, იგი ტერორისტად წარმოჩინდეს მაშინ, როდესაც ტერორიზმის ბრალდება არ არის დამყარებული სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე.
ალეკო ელისაშვილი, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე, შალვა პაპუაშვილის პირით შერაცხეს ტერორისტად და ამით პირდაპირი დავალება მისცეს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მისაღებად.
ალეკო ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და დაშინებისთვის.
ვერც რეპრესიები, ვერც პოლიტიკური დევნა და ვერც უსამართლო განაჩენები ვერ შეაჩერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეას ამ ქვეყანაში. ისტორია აუცილებლად შეაფასებს ამ რეჟიმის ქმედებებს და თითოეულ პასუხისმგებელ პირს საკუთარ ადგილს მიუჩენს.
გვჯერა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება დროებითია, ხოლო თავისუფლება -გარდაუვალი!
რეჟიმებს, რომლებიც ძალაუფლებას რეპრესიებით ინარჩუნებენ, ისტორიულად არსებობის შეზღუდული ვადა აქვთ.
მალე დადგება დღე, როდესაც ალეკო ელისაშვილი თავისუფალი იქნება, ხოლო საქართველოში აღდგება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია", - ნათქვამია გნაცხადებაში.
