ლელომ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი დაასახელა
პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ის დღეს, 23 აგვისტოს წარადგინა.
რამდენიმე საათით ადრე ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლელო თბილისის მერობის თავისი კანდიდატის დასახელებას გეგმავდა.
ხაზარაძისვე თქმით, ლელოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე იქნება.
"ლელო შეიქმნა იმისთვის, რომ მან გზა და ასპარეზი გაუხსნას ახალ სახეებს. არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ ახალ სახეებს, პროფესიონალებს. იმიტომ, რომ ამ ქალაქს სჭირდება ახლებური გააზრება, თუ როგორი ქალაქი გვჭირდება დღეს.
სწორედ ამ განწყობით ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ადამიანი, ქალი, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი, რომელიც იღებდა მონაწილეობას სადოქტორო პროგრამებში ლისაბონში - ანა ბიბილაშვილი.
ანა, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც არის ჩემი თანამებრძოლი, ლელოს დამფუძნებელი. არის მოწოდებული იმისკენ, რომ ქალაქის პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად იქნას მოწოდებული". - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მან მოქალაქეებს ლელოს და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"მინდა, მოგიწოდოთ ყველას, მხარი დაუჭირეთ ლელოს, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას იმიტომ, რომ დღეს საერთო მიზანი გვამოძრავებს და ეს მიზანი არის ბრძოლა. ბრძოლა არა კონკრეტული ადამიანის, არამედ შიმშილის, სიღატაკის, უმუშევრობის წინააღმდეგ, რაც მთავარია, ნიჰილიზმის წინააღმდეგ". - განაცხადა მან.
ლელოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ სივრცეში დამოუკიდებელი მოთამაშე არსებობდეს.
ოპოზიციის დიდი ნაწილის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელიაა, საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია.