logo
ENG



ლელომ სუს-ის რეფორმის რვაპუნქტიანი გეგმა წარადგინა

12 ივნ 202414:54
3 წუთის საკითხავი
 

ლელომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის გეგმა წარადგინეს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და საპარლამენტო მდივანმა ლანა გალდავამ აღნიშნეს, რომ რეფორმა პირველ რიგში, უწყების დეპოლიტიზებას გულისხმობს.

რეფორმის გეგმის თანახმად, სუს არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები უწყება და ჩადგეს არა მმართველი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის სამსახურში. როგორც ლელოში აღნიშნავენ, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების არქონა, მასობრივი უკანონო თვალთვალი/მიყურადება და კორუფციულ ფაქტებზე დუმილი, არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

"ცალკე პრობლემას წარმოადგენს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკული არარსებობა. საპარლამენტო უმრავლესობა, ნაცვლად საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმის უზრუნველყოფისა, ფორმალური თვალსაზრისით, კანონიერ საფუძველს უქმნის ანგარიშვალდებულების სისუსტეს, თუ რეალურ არარსებობას. კონსტიტუციით განსაზღვრული ზემოაღნიშნული დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ ნდობა დაბალია, როგორც მოქალაქეებში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში", - ამბობენ ლელოში.

ლელოს ხედვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით:

  • ლელო მიიღებს ლუსტრაციის კანონს, რომლის მოთხოვნებსაც, პირველ რიგში, მკაცრად უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სექტორში მომუშავე ყველა პირი;
  • დასრულდება უკანონო მოსმენები, თვალთვალი და ზემოაღნიშნული გზით მოპოვებული კრებსებით დანაშაულებრივი მანიპულაციები;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოერთმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია, რაც გადაეცემა საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილ ახალ დამოუკიდებელ უწყებას - ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, მისი გადაწყვეტილებები კი გახდება საჯარო;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი გაიყოფა ორ კომიტეტად - თავდაცვის კომიტეტად და ძალოვანი უწყებების კომიტეტად;
  • საქართველოს პარლამენტში გაუქმდება ნდობის ჯგუფის ფორმატი და უსაფრთხოების სექტორში საიდუმლო ნაწილის კონტროლი დაექვემდებარება ძალოვანი უწყებების კომიტეტს;
  • თავდაცვის კომიტეტის წინაშე ანგარიშვალდებული გახდება ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებელი ყველა უწყება;
  • საპარლამენტო ოპოზიციას კანონით მიენიჭება უფლება, კომიტეტზე დაიბაროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სავალდებულო წესით, სადაც ასევე უზრუნველყოფილი იქნება მედიის დასწრება და ეროვნული უსაფრთხოების თემატიკაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვა;
  • გაიზრდება არასამთავრობო სექტორის როლი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის პროცესში.

close დახურვა