ლელომ ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
როგორც პარტიის ერთერთი წევრი კახა კოჟორიძე ამბობს, პროკურატურა ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს.
"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება", - თქვა კოჟორიძემ.
მისივე განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოძიების არდაწყება კანონმდებლობისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს.
"ჩვენ, როგორც იურისტები, ვამბობთ პირდაპირ, რომ გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი", - ამბობს ის.
6 მარტს TV პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები 2012 წლამდე უკანონოდაა მოპოვებული და ფაბრიკაციას წარმოადგენს.