logo
ENG



ლემონჯავა: ტრაილერი, რომელშიც აქციისთვის საჭირო კონსტრუქცია იყო მოთავსებული, შსს-მ გაიტაცა

22 დეკ 202417:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/22/xmqnf14317rfvkt.jpg

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრის, გიგა ლემონჯავას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაილერი, რომელშიც ტექნიკა, სცენა და გახმოვანებისთვის საჭირო კონსტრუქცია იყო მოთავსებული, გმირთა მოედნიდან გაიტაცა. 

ლემონჯავას ცნობით, აღნიშნულ ტრაილერში მოთავსებული ტექნიკა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა მრგვალ მაგიდაში ისაუბრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო საათების განმავლობაში წელავდა აქ (რუსთაველზე) ადგილის შეთანხმების, ანუ სცენის დადგმის ადგილის შეთანხმების პროცესს. 3-4 საათის განმავლობაში. საბოლოოდ, რაღაც ლოკაციაზე შევთანხმდით და ამის შემდეგ, მანქანა, ტრაილერი, რომლითაც მოჰქონდათ ტექნიკა, სცენა და გახმოვანებისთვის საჭირო კონსტრუქცია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გმირთა მოედნიდან გაიტაცა. 

მძღოლს წაართვეს ტელეფონი. 40 წუთის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება. საბოლოო ჯამში, მან დარეკა და გვითხრა, რომ ჯერ მანქანა გაჩხრიკეს და მძღოლს წაართვეს ტელეფონი, მძღოლიც და მანქანაც გადაიყვანეს 112-ის საჯარიმო სადგომზე, იმისათვის, რომ დღეს, რუსთაველზე არ შედგეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვა", - თქვა გიგა ლემონჯავამ.

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაილერის მძღოლს მიზეზი არ განუმარტა.

***

დღეს, 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, სახალხო პროტესტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეურთდება და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. 


close დახურვა