მეხანძრე-მაშველებმა ლენტეხში, სტიქიის ზონაში, ერთ-ერთ წაღებულ ხიდზე სამაშველო-საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაგირო გზის მეშვეობით, გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფელ მუთბის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი ან მედიკამენტები მიიღოს.
სვანეთში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლასკადურამ რამდენიმე ხიდი და გზა დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეც ტექნიკა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხიდის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყება. ადგილზე არიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.