logo
ENG



ლენტეხში სტიქიის შედეგად სოფლები გარე სამყაროს მოწყდა

27 ივლ 202112:03
3 წუთის საკითხავი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. დაზიანებულია გზები და ხიდები. 

ლენტეხის მერის, ბადი ლიპარტელიანის თქმით, 27 ივლისს გამთენიისას კოკისპირული წვიმა იყო, რის გამოც ადიდდა რამდენიმე მდინარე. სტიქიამ დააზიანა შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები. მოსახლეობას და საცხოვრებელ სახლებს პრობლემა არ შექმნიათ. 

როგორც ლიპარტელიანმა ფორმულას ეთერში სატელეფონო ჩართვისას თქვა, გარე სამყაროს ამ ეტაპისთვის მოწყვეტილია სამი თემი, რაც 20 სოფელს მოიცავს.

"ტელეფონით მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვაქვს. დაწყებულია სამუშაოები, მძიმე ტექნიკა უკვე ამოსულია. ცენტრალურ გზაზე წაღებულია ცენტრალური ხიდი და მასთან მისასვლელი გზის 70-მეტრიანი მონაკვეთი, რის გამოც მოხდა იმ 20 სოფლის იზოლაცია", - თქვა ლიპარტელიანმა. წყალდიდობის გამო წაღებულია სულ სამი ხიდი. 

მერი ამბობს, რომ პირველ რიგში ცდილობენ წყალტუბო-ლენტეხი-ლასლიდის ცენტრალური გზა აღადგინონ, რათა ადგილობრივებთან კომუნიკაცია დაამყარონ. 

 


close დახურვა