უკრაინის რადის დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, ლიზა იასკო დარწმუნებულია, რომ ციხის საავადმყოფო უსაფრთხო გარემო არაა. როგორც იასკო ამბობს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან პირადი ექიმი მასთან ჯერ კიდევ არ შესულა.
"მე დარწმუნებული, რომ ეს არაა უსაფრთხო ადგილი. მას შემდეგ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, როგორ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ აქ და როგორ მოიყვანეს აქ ძალის გამოყენებით, რა თქმა უნდა, ეს არის ყველა უფლების დარღვევა. ყველა პატიმრის ასე დამცირებას არ ცდილობენ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი სირცხვილია", - თქვა იასკომ.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილი საქარველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ, უკვე 40 დღეა, ის შიმშილობს.
გუშინ, 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს, ის, ნაცვლად მოთხოვნილი სამოქალაქო მრავალპროფილური კლინიკისა, მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში. მას პატიმრებმა შეურაცხმყოფელი ე.წ შუმოკი მოუწყვეს. სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებმაც.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ძირითადი უფლებების - სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებთან.