სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ სუს-ის მიერ ხელისუფლების დამხობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დასაკითხი მთავარი ობიექტი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადის. ამაზე მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ საქმეზე აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს.
წამყვანმა მას ჰკითხა, თუკი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების დამხობას გეგმავდა, რატომ არ არიან ამ საქმეზე დაკავებულები, მათ შორის პარტიის ლიდერები, რაზეც ლილუაშვილმა უპასუხა:
"ლიდერი დაკავებულია, თუმცა სხვა საქმეებზე. ობიექტური გარემოებებიც არსებობს და სუბიექტურიც, რის გამოც ბოლომდე ჯერ ვერ ხერხდება ამა თუ იმ პირის დაკითხვა, თუმცა მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები მათ შორის ექსპერტიზები ამოღებულ ტექნიკაზე, მობილურ ტელეფონებზე და ა.შ. დაკითხვა უნდა მოხდეს შესაბამის დროს იმ პირობებში, სადაც დასაკითხიც და დამკითხველიც კომფორტულად იგრძნობენ თავს და იქნებიან ჯანმრთელები და ვფიქრობ, რომ ეს მომენტი მალე დადგება.
ერთ-ერთი დასაკითხი მთავარი ობიექტი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, გადის მკურნალობის კურსს, ჩემი ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს ხანებში ალბათ მოგვიხერხდება, რომ უშუალოდ გამოიკითხონ ის პირები, რომლებიც მთავარ იდეოლოგებად მოიაზრებიან ამ საქმეში", - ამბობს ლილუაშვილი.
2020 წლის 1-ელ ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
"საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ამასთან, 2021 წლის 3 ნოემბერს სუს-მა განაცხადა, რომ "სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მხრიდან ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით".