logo
ENG



ლომჯარია: არჩევნებისას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს და შეავიწროვეს 69 პირი

10 დეკ 202113:01
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია: არჩევნებისას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს და შეავიწროვეს 69 პირი
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

ომბუდსმენის თქმით, პრობლემური იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში გაიმართა. ამის შესახებ მან უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით 2021 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა. 

სახალხო დამცველმა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებისა და შევიწროვების ფაქტების გარდა, ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წევრებზე არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის მიზნით ზეწოლაზეც.

„სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს და შეავიწროვეს 69 პირი, ხოლო 59 ოპოზიციონერი კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. რის შედეგადაც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა უმეტესმა მათგანმა აღნიშნული ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ის იზიარებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებას, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოვლენაზე.

დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

მან სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.


close დახურვა