სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე დაკავებულების სასამართლო პროცესს ეხმაურება და მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს სასამართლო განხილვები.
„ფორმულა" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესებს
2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებულები მოვინახულეთ იმავე საღამოს და ყველა მათგანს გავესაუბრეთ ინდივიდუალურად მათი დაკავების კანონიერებასთან და სხვა შესაძლო უფლება დარღვევებთან დაკავშირებით.
19 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს. მნიშვნელოვანია ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება.
ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი დაკავებულია 18 ნოემბერს, სამუშაო დროს, შესაბამისად მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური ვადა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის 12 საათი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აუცილებელია მათი გათავისუფლება.
აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულად დაკავებულების საქმეებს განიხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლე, რაც ბუნებრივია ართულებს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აუცილებელია დამატებით სხვა მოსამართლეთა პროცესში ჩართულობა, რათა არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები.
მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ სასამართლო განხილვები," - ნათქვამია განცხადებაში.