logo
ENG



ლომჯარია: გამოძიება უნდა დაიწყოს და გამოვლინდნენ აქციის ორგანიზატორ-წამქეზებლები

08 ნოე 201923:00
3 წუთის საკითხავი
 
lf1raa11jbocjgi.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება უნდა დაიწყოს და უნდა გამოიკვეთოს ორგანიზატორები.

ამის შესახებ მან კინოთეატრთან ანა სუბელიანის დაშავების ფაქტის კომენტირებისას, კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიციას კორდონი კინოთეატრისგან მოშორებით უნდა გაეკეთებინა და აქციის აგრესიულ და მშვიდობიან მოქალაქეებს, არ უნდა ჰქონოდათ ახლო შეხების წერტილი.

„ვესაუბრე ანის, მას აქვს მიყენებული ჭრილობა. ვიცი დაწყებულია გამოძიება 118-ე მუხლით. ის რაც ვნახეთ კინოთეატრთან, ეს არის იყო მშვიდობიანი გამოხატვა და ცდებოდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს ფარგლებს. ჩვენ იქ ვნახეთ ძალადობა და ანი არის ამის მსხვერპლი. ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა ძალადობის ორგანიზებას და ამ მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან ამ ძალადობას ჰყავდა ორგანიზატორი და წამქეზებელი. მოწოდებები დაიწყო დღეების წინ, როცა ითქვა რომ აპირებდნენ შესვლას და გათიშვას. თუმცა რეალური საფრთხე წამოვიდა მაშინ, როცა ითქვა, რომ პოლიციის კორდონს გაარღვევდნენ. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაიწყოს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით და გამოიკვეთოს ორგანიზატორების როლი. არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რომელიც ამძიმებს დანაშაულს დისკრიმინაციული მოტივით და სწორედ ეს მუხლია ანა სუბელიანის შემთხვევაში. პოლიციის მეთოდოლოგიაზე შეიძლება სიღრმეებში არ ჩავიდეთ, მაგრამ მაშინ, როცა გაკეთდა განცხადება, რომ პოლიციას დაუპირისპირდებოდნენ, უფრო სწორი იქნებოდა ეს აგრესიულად განწყობილი ჯგუფები არ მიეშვათ კინოთეატრის შესასვლელთან და კორდონი გაკეთებულიყო უფრო შორს. ჩვენი დამკვირვებლები იყვნენ იქ და მოძალადეებს და მშვიდობიან მოქალაქეებს ჰქონდათ ძალიან ახლო კონტაქტი,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ანა სუბელიანს აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი საგანი ესროლეს, რის გამოც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო და სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.

  

 


close დახურვა