logo
ENG



ლომჯარია: თუ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, ჩემი აუგად მოხსენიება ღირსებას ჰმატებს, მათი არჩევანია

24 აგვ 202119:34
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია: თუ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, ჩემი აუგად მოხსენიება ღირსებას ჰმატებს, მათი არჩევანია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმ პოლიტიკოსებს პასუხობს ვინც ის არჩევნების გადადების ინიციატივის გამო გააკრიტიკა. ლომჯარიას თქმით, თუ სიცოცხლე საფრთხეშია, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება, შევზღუდოთ. 

"მესამე სასწავლო წელი იწყება ისე, რომ ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან იმის გამო, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ვერ დავასტაბილურეთ, მესამე წელი უნდა დარჩნენ ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე, ამაზე მნიშვნელოვანი არის რაიმე დღეს? ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები...

თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდ პაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ. ადამიანს სიცოცხლეში უნდა უფლებებიც და თავისუფლებებიც და ყველა უფლება იმიტომ არსებობს, რომ ვიცოცხლოთ და თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ ადამიანთა გადასარჩენად!" - წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქის გვერდზე. 

მანამდე, ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ სახალხო დამცველს ნაცმოძრაობის "გარე სპიკერი" უწოდა. ამასთან, ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოქტომბრის არცევნები ისე იქნება ორგანიზებული, რომ კოვიდსაფრთხეები მინიმუმამდე იქნება შემცირებული. 

ასევე, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გაშლილია ნაცმოძრაობის ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

"არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ესაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს არის უკვე ანომალია", - თქვა მან.

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კი განაცხადა, რომ სახალხო დამცველი "შესაშური არასერიოზულობით" გამოირჩევა.

"დავუშვათ 10 წელი ვართ ამ სიტუაციაში, 10 წელი "ქოცებს" ვუყუროთ და არჩევნები არ ჩავატაროთ?" - ამბობს ის. 

თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.


close დახურვა