logo
ENG



ლომჯარია: სახიფათოა მძევლის დისკრედიტაციის კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტი

21 ოქტ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ირაკლი კვარაცხელია, მძევალი, რომელიც ზუგდიდში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მედიებთან საკონტაქტოდ გამოიყენა, ყველაზე დაუცველი და მოწყვლადია, ამიტომ, მისი დისკრეტიტაციის მიზნით წამოწყებული კამპანია და პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება სახიფათოა:

"მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი "ინტერესი" აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა". - აღნიშნავს ნინო ლომჯარია. 

ირაკლი კვარცხელია ერთერთია იმათ შორის, რომლებიც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა. მან კვარაცხელია აიძულა, მედიებს დაკავშირებოდა და თავისი მოთხოვნები ამ გზით გაევრცელებინა. 

მალევე სხვადასხვა ფეისბუქ-გვერდებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, რომ ირაკლი კვარაცხელია მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის ხელისუფლების მხარდამჭერია. 

იქ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პროპუტინური პარტიის, ქართული მარშის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი გაბედავაც მივიდა, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება დაიძაბა როგორც ევროპული საქართველოს კანდიდატმა, გიგი უგულავამ თქვა, გაბედავა იგინებოდა და ამბობდა, რომ კვარაცხელია "ნაცების მხარდამჭერია". მცირე სიტყვიერი დაპირისპირების და შეხლა-შემოხლის შემდეგ ევროპული საქართველოს მხარდამჭერი დააკავეს.

ზუგდიდში სპეცოპერაცია დღეს დაახლოებით 14:00 საათიდან დაიწყო - გამსახურდიას ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალს თავს ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებული კაცი დაესხა. მან მძევლად 30-მდე ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი გათავისუფლებულია. ტყვეობაში რჩება 18 მოქალაქე. თვდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს. 


close დახურვა