სახალხო დამცველი სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებებს ეხება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უცხო პირები სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას და მათთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე დაყოლიებას.
ომბუდსმენის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატი უკვე სწავლობს მსგავს 5 სავარაუდო შემთხვევას, მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოების ინფორმირება ამ საკითხზე. ასევე, ნინო ლომჯარია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს - განახორციელონ პროაქტიული და კოორდინირებული ქმედებები.
"ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ: ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის, ან საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს;
საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებს და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ;
საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების შემჩნევის შემთხვევაში გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროულად მიმართოს სამართალდამცავებს, მათ შორის, დააფიქსიროს შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში 112-ში.
სახალხო დამცველი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს.
საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე - 1481", - წერია განცხადებაში.