logo
ENG



ლომჯარია: შეწყვიტეთ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა

11 ნოე 202117:51
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა/გიორგი ნებიერიძე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.

როგორც ლომჯარიას განცხადებაშია ნათქვამი, ხაზგასასმელია, რომ ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი.

ომბუდსმენი ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 8 ნოემბერსვე აცხადებდა.

"იუსტიციის მინისტრის ცნობით, ვიდეოჩანაწერების ნაკრების გავრცელება მიზნად ისახავდა ადვოკატის განცხადებების უარყოფას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით, გამოძიების მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუწოდებია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროება და არა მისი სრული სახით მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის.

ადვოკატის პოზიციის გასაბათილებლად, გამოძიებისთვის აღნიშნული ვიდეომასალების სრულად მიწოდებასთან ერთად, შესაძლებელია შერჩეულიყო უფლების ნაკლებად მზღუდავი სხვა საშუალება", - წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოითხოვს - იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა


close დახურვა