logo
ENG



ლომჯარია: ჩემთვის, როგორც ომბუდსმენისთვის, წარმოუდგენელია მუშაობა ერთპარტიულ პარლამენტთან

10 დეკ 202014:55
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისთვის, როგორც ომბუდსმენისთვის, წარმოუდგენელია ერთპარტიულ პარლამენტთან მუშაობა. 

ლომჯარიამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგება, რადგან, როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მხოლოდ ერთი პარტიით მართული საკანონმდებლო ორგანო, ქვეყნის განვითარებისთვის დამაზიანებელია. 

ნინო ლომჯარია ასევე 8 ნოემბერს, ცესკოს-თან მოქალაქეების წყლის ჭავლით დაშლის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ტიპის ძალა არაპროპორციული იყო და მისი აუცილებლობაც არ არსებობდა. 

"ჩემი სურვილია და ძალიან დიდი იმედი, რომ მოხდება კონსენსუსი და პოლიტიკური შეთანხმება. თუ ჩვენ გვეყოლება ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ეს იქნება ყველასთვის,  მათ შორის მმართველი პარტიისთვის, ქვეყნისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის როგორც სახალხო დამცველისთვის, წარმოუდგენელია მუშაობა ერთპარტიულ პარლამენტთან.

ომბუდსმენმა კრიტიკულად შეაფასა 8 ნოემბერს, ცესკოს-თან შეკრებილი ადამიანების წყლის ჭავლით დაშლის შემთხვევა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას, ძალის გამოყენებას, წინ არ უძღოდა გაფრთხილება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას. ასევე მიგვაჩნია, რომ გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული და აუცილებელი. ასევე დაშავდა არ ერთი ჟურნალისტი და მათი განცხადებით, მათ დამიზნებით ესროდნენ წყლის ჭავლს", - განაცხდა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. 

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. 

აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილი პირველია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, ვინც ღიად თქვა, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა პარტიები ამ დრომდე საჯაროდ კვლავ ბოიკოტს ემხრობიან იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის მისაღები შეთანხმება არ შედგა.

პარტიების უმრავლესობა შეთანხმების ნაწილად განიხილავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის დანიშვნაც შესთავაზა. ამ ეტაპზე ხელისუფლება არც ერთი ამ მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. საარჩევნო რეფორმა მოთხოვნების კიდევ ერთი ნაწილია - აქ მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეთანხმების მეტი სივრცეა.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ხვალ შეიკრიბება. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატები დაესწრებიან.


close დახურვა