logo
ENG



ლომჯარია კობახიძის განცხადებაზე: კონსტიტუციური ორგანოსა და ექსპერტების დაშინების მცდელობაა

18 ნოე 202118:17
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია კობახიძის განცხადებაზე: კონსტიტუციური ორგანოსა და ექსპერტების დაშინების მცდელობაა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის "მუქარის შემცველი" რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს. მისივე შეფასებით, ის დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობაა რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.

"ორგანული კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ანიჭებს სახალხო დამცველს უფლებამოსილებას მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები საექსპერტო საქმიანობის შესასრულებლად.

სწორედ ეს უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 16 ნოემბერს და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით", - აცხადებს ომბუდსმენი. 

სახალხო დამცველის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობა, მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო. მისივე თქმით, ეს ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს. 

"მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს გაერთიანებებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას.

პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

დღეს, 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა არის "ფეიკი" და თუ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას განვითარდება ის სცენარი, რომლისაც, კობახიძის თქმით, მათ ეშინიათ, ამას შესაძლოა მოჰყვეს ომბუდსმენის და ექიმების "პირდაპირი პასუხისმგებლობა".

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონსილიუმის დასკვნა უნდა მომზადებულიყო არა შიმშილობის, არამედ შიმშილობის შემდგომი მკურნალობის შესახებ, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური მოტივით აღარ შიმშილობს და მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოტივით აგრძელებს შიმშილობას.


close დახურვა