logo
ENG



ლომჯარია საარჩევნო ადმინისტრაციებს: დროულად განიხილეთ საჩივრები, რაც შეამცირებს აქციებს

06 ნოე 202011:08
3 წუთის საკითხავი
 
myk67w2c0s3z5q4.jpg

სახალხო დამცველი შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაინფიცირების ტემპის შენელების მიზნით, უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება.

გარდა ამისა, ომბუდსმენი ოპოზიციას მოუწოდებს მოუწოდებს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები სამედიცინო სექტორზე გაზრდილი დატვირთვის რაციონალური გადანაწილებისა და შემცირებისათვის, რათა სამედიცინო პერსონალს მიეცეს შესაძლებლობა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს, როგორც დაინფიცირებულ პაციენტებს, ასევე სხვა მოწყვლად ჯგუფებს.

"ჯანდაცვის სექტორში შექმნილი ურთულესი ვითარების პარალელურად, ქვეყანაში ძალიან გაზრდილია მოსახლეობის მობილობა. განსაკუთრებით საგულისხმოა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვისა და სხვადასხვა საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები, რა დროსაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვა. აღნიშნული ცხადია, კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციებს სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადავო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და შესაბამისად მოსახლეობის მობილობას.

ომბუდსმენი მოსახლეობას ურჩევს განუხრელად შეასრულონ ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება კარანტინს და თვითიზოლაციას -  სწორად ისარგებლონ პირბადით, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჰიგიენა.

31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ.

აქციები ხმების გადათვლის და საჩივრების დაკმაყოფილების მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით არაერთ საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიმართა. ოპოზიციის მხარდამჭერები და წარმომადგენლები მთელი კვირაა აცხადებენ, რომ ოქმებში აღმოჩენილი მასშტაბური უზუსტობების მიუხედავად, კომისიები მათ მიერ შედგენილ საჩივრებს არ იხილავენ.

აღსანიშნავია, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ცესკო-ს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების გაპროტესტების საფუძველზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი პერმანენტულ მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან გაიმართება.


close დახურვა