საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2021 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას საბავშვო ბაღების მუშაობისა და თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში დისტანციური სწავლების პროცესის 1 მარტიდან განახლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბავშვზე სამზრუნველო დაწესებულებების ხანგრძლივი ვადით დისტანციურ რეჟიმზე დარჩენა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს განათლების უფლების ეფექტურ განხორციელებას.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ იმ სკოლებში სადაც სწავლის პროცესი მიმდინარეობს ან იგეგმება განახლება, მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურა, წყლის მისაწვდომობა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა პასუხობდეს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.
"საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს პოზიციით, სკოლების დახურვამ საფრთხის ქვეშ დააყენა ბავშვების განათლების უფლება. ამასთან, სკოლების გახსნის პროცესში, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ეფექტური კოორდინაცია", - აცხადებს ომბუდსმენი.
ნინო ლომჯარიას აზრით, პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა საქართველოში განათლების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული გამოწვევები.
"გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ხოლო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი შინამეურნეობების მხოლოდ 61.8% არის კომპიუტერით უზრუნველყოფილი", - ნათქვამია განცხადებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საბავშვო ბაღების ხანგრძლივად დახურვის, ასევე მათი გახსნის შესახებ გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში იყოს დასაბუთებული და ეყრდნობოდეს ინდივიდუალური მიდგომის მეთოდით შეფასებას.
ამასთან, ომბუდსმენი მოუწოდებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომ უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობა ინფრასტრუქტურული, წყლის მისაწვდომობის, სანიტარიის და ჰიგიენის დაცვის მიმართულებით.
"შეაფასოს სკოლის მიტოვების რისკები, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებში და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები იდენტიფიცირებული გამოწვევების შესაბამისად", - აცხადებს ომბუდსმენი.
გარდა ამისა, ნინო ლომჯარია მოუწოდებსადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეფასდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭიროებები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პრობლემები, დაიგეგმოს ღონისძიებები აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით და სრულად განხორციელდეს საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო რესურსით.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, 1-ლი თებერვლიდან ახლდება.
განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 თებერვალს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეფასდება და იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, სასწავლო პროცესის შემდგომი შემსუბუქება განიხილება.