logo
ENG



ლომჯარიას თქმით, კეზერაშვილის საქმეზე უზენაესს სასამართლოს სამოტივაციო ნაწილი არ მიუწოდებია

30 სექ 202113:52
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარიას თქმით, კეზერაშვილის საქმეზე უზენაესს სასამართლოს სამოტივაციო ნაწილი არ მიუწოდებია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე უზენაეს სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჯერ არ გადაუცია. მისივე თქმით, საქმის გაცნობის გარეშე შეფასებებისგან თავს შეიკავებს.

"როდესაც ჩვენ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს, რომ მოეწოდებინათ მათ გადაწყვეტილება, გვითხრეს, რომ არსებობს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ანუ სამოტივაციო ნაწილი ამ საქმეზე არ არსებობს, რაც ჩემთვის ცოტა უცნაურია, როდესაც ასეთი მაღალი რეზონანსული მნიშვნელობის საქმეზე იღებ გადაწყვეტილებას, როდესაც წლებია მიმდინარეობს საქმის განხილვა და ძალიან საჩქარო არაა დღეს გადაწყვეტილების მიღება, რატომ არ შეიძლება იყოს ამდენი ხნის განმავლობაში დაწერილი საბოლოოდ გადაწყვეტილება", - ამბობს ლომჯარია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იწვევს ეს ეჭვს, რომ აღნიშნული საქმე კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არის მიმართული, ლომჯარია აღნიშნავს, რომ მსგავსი შთაბეჭდილება არსებობს და სწორედ ამიტომაც არიან დაინტერესებულნი:

"ასეთი კითხვები და შთაბეჭდილებები რომ არ არსებობდეს საქმის გარშემო, არ ჩავერთვებოდით და არ დავინტერესდებოდით".

არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტრო უჩივის კეზერაშვილის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ნინუასაც.

7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე. ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.

პირველ ინსტანციის შემდეგ, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოიტანა.

იმ დროს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან და კიდევ ორმა მოსამართლემ - ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა განიხილეს ყოფილი მინისტრის საქმე.

ამ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო

დღეს ის ახალ სარჩელსაც გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, გაფლანგვის მსგავსი საქმე ბევრია და გამოძიება "ყველა ფაქტს გასცემს პასუხს". 


close დახურვა