ლოქდაუნის დროს წვეულებებზე დასწრების გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონსა და ფინანსთა მინისტრს, რიში სუნაკს დააჯარიმებენ. ლოქდაუნი ჯონსონის მთავრობამ კორონავირუსის გამო შემოიღო.
ლონდონის პოლიცია კოვიდრეგულაციების დროს დაუნინგ სტრისა და ვაითჰოლში ჩატარებულ 12 წვეულებას იძიებს. როგორც The Guardian წერს, მათ შორის იყო 2020 წლის ივნისში წვეულება დაუნინგ სტრიტზე, სადაც ჯონსონის დაბადების დღე აღნიშნეს და რომელსაც სუნაკიც ესწრებოდა.
ბრიტანული მედიები წერდნენ, რომ 2020 წლის 18 დეკემბერს, ზამთრის ლოქდაუნის დროს საშობაო წვეულება გაიმართა. 16 დეკემბერს ლონდონში მკაცრი ლოქდაუნის შემოიღეს, რა დროსაც რესტორნები, კაფეები და მაღაზიების დიდი ნაწილი დაიკეტა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაუნინგ სტრიტზე 2020 წლის მაისშიც იყო წვეულება. პირველმა კი მის შესახებ თავის ბლოგში ჯონსონის ყოფილმა მრჩეველმა, დომინიკ კამინგსმა დაწერა, რომელიც იძულებული იყო გადამდგარიყო, რადგან კარანტინის წესები დაარღვია.
დაუნინგ სტრიტზე არ განმარტეს, რამდენ ღონისძიებაზე დასწრების გამო გამოუწერენ ჯარიმას პრემიერმინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, თუმცა დაადასტურეს, რომ ფიქსირებული ჯარიმის შესახებ შეტყობინება მიიღეს.
პოლიციაში ადასტურებენ, რომ 50-ზე მეტი ჯარიმა უკვე გამოწერილია, თუმცა არ დაასახელებენ ყველა პირს, ვინც ის მიიღო.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, კეირ სტარმერმა პოლიტიკოსებს გადადგომისკენ მოუწოდა.
"დიდი ბრიტანეთი უკეთესს იმსახურებს. ბორის ჯონსონმა და რიში სუნაკმა კანონი დაარღვიეს და არაერთხელ მოატყუეს საზოგადოება", - ამბობს ლეიბორისტების ლიდერი.