"აგროკომბინატ ძერჟინსკის" თანამშრომლებთან შეხვედრისას ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და სიტუაციის არევაში აშშ-სა და ევროკავშირს დასდო ბრალი.
"მთელი არეულობის უკან ისინი იდგნენ. რუსეთს ჩვენი დაკარგვის ეშინოდა. ახლა როგორც დავინახეთ, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს გამოყენებას ცდილობდა. მათ სურთ ბალტიისა და შავი ზღვების კორიდორის შექმნა, ე.წ სანიტარული კორდონის მოწყობა - ბალტიის სამი ქვეყნის, ჩვენი და უკრაინის გამოყენებით. გეგმის შესრულებას მხოლოდ ჩვენ ვაკლდით", - განუცხადა ლუკაშენკომ შეკრებილებს.
ბელარუსის პრეზიდენტი, რომელიც ევროკავშირმა ლეგიტიმურად არ ცნო და რომელსაც დასავლური სამყარო სანქციებით ემუქრება, ვარშავაში არსებულ მისტიკურ ბაზაზე საუბრობს, რომლიდანაც, მისი თქმით, ბელარუსს დაძაბულობისა და დაპირისპირების პიკში სამხედრო საფრთხე ემუქრება.
"ყველაფერს აშშ გეგმავს და აკეთებს, ევროპელები კი მათ არიან აყოლილები - აკეთებენ იმას, რასაც ჩასძახებენ. ვარშავასთან ახლოს სპეციალური ცენტრიც კი დააფუძნეს. სრულიად შესწავლილი გვაქვს, იქ რასაც აკეთებენ. მათი ტანკები მზადყოფნაში არიან. განა შემთხვევითია, როდესაც ახლომახლო სიტუაცია იძაბება, მათი ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები მაშინვე მოქმედებას იწყებენ", - ამბობს ლუკაშენკო.
9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ხელისუფლება დემონსტრანტების დაშლას ძალადობითა და რეპრესიებით შეეცადა. დემონსტრაციებზე მიტანილი იერიშის შედეგად, დღეის მდგომარეობით, 4 ადამიანია დაღუპული, ათასობით ადამიანი კი საპატიმროში იმყოფება.