logo
ENG



ლუკაშენკო: რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ბელარუსის ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია

27 ივნ 202312:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/27/62owfd8ilvthfcd.jpg

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ პირველად გააკეთა კომენტარი ევგენი პრიგოჟინის აჯანყებაზე და განაცხადა, რომ რუსეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, მან ბელარუსის ჯარის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა.

"მე ჯარის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გავეცი." - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, მისთვის "მტკივნეული" იყო რუსეთში მომხდარი მოვლენების ყურება.

"არ დავმალავ, მტკივნეული იყო რუსეთის სამხრეთში მომხდარი მოვლენების ყურება. არა მარტო ჩემთვის, ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ ეს გულთან მიიტანა. იმიტომ, რომ სამშობლო ერთია." - ამბობს ლუკაშენკო.

ერთი დღით ადრე, სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ლუკაშენკოს ვაგნერის აჯანყების მცდელობის სიტუაციის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის.

"მადლობელი ვარ ბელარუსის პრეზიდენტის, ძალისხმევისა და სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. მაგრამ ვიმეორებ - ამ დღეებში გადამწყვეტი როლი ითამაშა მოქალაქეების პატრიოტულმა განწყობამ და მთელი რუსული საზოგადოების კონსოლიდაციამ." - განაცხადა პუტინმა.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.


close დახურვა