logo
ENG



მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილს დღეს დაკრძალავენ

22 მარ 202110:18
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ დათა ვანიშვილს დღეს დაკრძალავენ. 

მოქალაქეებმა მავთულხლართებთან მისვლა დილიდან დაიწყეს. 

მისი ცოლის, ვალია ვანიშვილის თქმით, ოსური მხარე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ნათესავებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების მხრიდან შეუძლიათ, დაკრძალვის დღეს ე.წ საზღვარზე გადავიდნენ.

დათა ვანიშვილის დაკრძალვაზე დღეს მოქალაქეები და პოლიტიკოსები ჩავლენ. 

წლების განმავლობაში დათა ვანიშვილი ხურვალეთში ჩასულ ვიზიტორებს, მათ შორის მაღალი რანგის უცხოელ პოლიტიკოსებს, მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც არაერთხელ დააკავეს. მისი სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მავთულხლართების გავლების შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

ის უარს ამბობდა საკუთარი სახლის დატოვებაზე, რის გამოც ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.  

დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. 

მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი. 

გახლეჩილია დათა ვანიშვილის ოჯახი. 

მისმა შვილიშვილმა, მალხაზ ვანიშვილმა, რომელიც ოკუპაციამ ორსულ ცოლს დააშორა, რამდენიმე თვის წინ თვითმკვლელობაც სცადა. 

რამდენიმე თვით ადრე მალხაზ ვანიშვილმა ცოლთან, თათია ადიკაშვილთან ერთად  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ცხოვრების უფლება სთხოვა. ისინი რამდენიმე დღით კარანტინში მოათავსეს. მოგვიანებით დე ფაქტო მთავრობამ ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება მისცა, მისი 8 თვის ორსული ცოლი კი გამოაძევა.  

მალხაზ ვანიშვილს და მის ცოლს, თათია ადიკაშვილს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. 


close დახურვა