logo
ENG



მათიკაშვილი კიბერთავდასხმაზე: ჩვენი ხელისუფლება ოკუპანტთან მიმართებაში ყოველთვის მკაცრია

21 თებ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 

მმართველ გუნდში კიბერშეტევასთან დაკავშირებით ფიქრობენ, რომ ოპოზიციას მათი კრიტიკის უფლება არ აქვს, რადგან წინა ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთზე გაასხვისა.

როგორც უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, ხელისუფლება ოკუპანტთან მიმართებაში ყოველთვის მკაცრია.

„მაშინ, როდესაც 2008 წლის ომი მორჩენილი არ იყო რუსეთს რომ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები მიყიდეს, მაშინ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან „მკაცრი“. საერთოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო, საკუთარი წარსული გაიხსენონ. ჩვენი ხელისუფლება ოკუპანტთან მიმართებაში ყოველთვის მკაცრია, ყველა რესურსა და ფორმატს იყენებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაიცვას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა მსგავსი თემების პრევენცია მოხდეს.

„საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. განსაკუთრებით ეს გუშინაც გამოჩნდა - ჩვენს ამერიკელ, ბრიტანელ და ევროპელ სხვა პარტნიორებთან. მაქსიმალურად მიდის მუშაობა იმაზე, რომ პრევენცია იყოს ნებისმიერი მსგავსი თემის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერშეტების  სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვისი სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას არაერთი ქვეყანა გამოეხმაურა და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ამერიკის შეერთებული შტატები განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან.

დიდი ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

საქართველოს ხმარდასაჭერი განცხადებები გაავრცელეს ლატვიამკანადისრუმინეთის, მონტენეგროსნიდერლანდებისდანიისესტონეთის, პოლონეთისა, და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. 

გარდა ამისა, განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა. 

"საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი პირველად საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი დაიწყება თუ არა საქმეზე გამოძიება.

ბრალდებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. საუბარია კიბერშეტევის ბრალდებაზე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ სააგენტო РИА-სთან საუბრისას უარყო. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არასდროს არ ერეოდა და ამას არც ახლა აპირებს. რუდეკო აღნიშნულ ბრალდებაზე პასუხისმგებლობას თავად ქართულ მხარეს აკისრებს. 

 


close დახურვა