logo
ENG



მაია ბითაძე: 8 წლის შემდეგ ჩვენი მენტალიტეტისთვის ავტობუსით გადაადგილება კომფორტული იქნება

03 აგვ 202015:02
3 წუთის საკითხავი
 
rn5uzytjpsq2lob.jpg

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, სატრანსპორტო სქემის შეცვლის პირველ ე.წ. ტესტირების დღეს, იყო გარკვეული პრობლემები, რომელიც ძირითადად, დაკავშირებული იყო ავტომობილების მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით.

ბითაძის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება.

"აბსოლუტურად გამართლდა ჩვენი მოლოდინები, რომელიც, რაც მთავარია, დაფუძნებული იყო სატრანსპორტო მოდელის კვლევებსა და სატრანსპორტო ნაკადების დათვლაზე. ნაკადების დათვლა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დათვლილია არა მხოლოდ ჭავჭავაძის ნაკადები, არამედ, მთელი თბილისის მასშტაბით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის საქართველოში პირველი ნაბიჯი, როდესაც თანამედროვე მეთოდებზე დამყარებით უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისში საცობები ეტაპობრივად აღმოიფხვრება და აღმოიფხვრება იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება“, - განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, დაახლოებით 18 წლის წინ, ევროპის დიდი ქალაქები სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშრეით ანალოგიურ პრობლემებს აწყდებოდნენ.

“დაახლოებით, 15-18 წლის წინ ევროპის დიდ ქალაქებში - პარიზში, მილანში, ამსტერდამში ზუსტად იგივე პრობლემებს აწყდებოდნენ და სწორედ სატრანსპორტო მოდელების და სატრანსპორტო სქემების გამოყენებით მართულია ამ ქალაქებში საცობები. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს, ჭავჭავაძეზე ერთი ხელის მოსმით არ ყოფილა გადაწყვეტილება მიღებული, ეს დაფუძნებული იყო სატრანსპორტო კვლევებზე, ნაკადებზე და იმ მაგალითებზე, რომლის განხორციელებაშიც ადგილობრივ დონეზე უცხოელი ექსპერტები გვეხმარებიან“, - განაცხადა ბითაძემ.

მერის მოადგილის თქმით, 7-8 წლის შემდგომ საქართველოს მოქალაქეების მენტალიტეტისთვის ბევრად კომფორტული იქნება 18-მეტრიანი ავტობუსით გადაადგილება:

"ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ჩვენ ნაკადები დათვლილი გვაქვს პიკის საათებში 20%-იანი მატებით. შესაბამისად, არც სექტემბრის გვეშინია და არც იმის, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რასაც ქართველი მძღოლები ვერ დაემორჩილებიან. სატრანსპორტო სქემაზე ადაპტაციას ერთი-ორი დღე სჭირდება, თუმცა, ნაკადებზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ. მერწმუნეთ, 7-8 წლის შემდგომ ჩვენი მენტალიტეტისთვის ბევრად კომფორტული იქნება 18-მეტრიანი ავტობუსით გადაადგილება ძალიან მოკლე დროში, ვიდრე კერძო ავტომობილით გადაადგილება და საწვავში დიდი თანხების გადახდა", - განაცხადა ბითაძემ. 

1-ლი აგვისტოდან ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსებმა და სამარშუტო ტაქსებმა სპეციალურ ზოლში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა. ახალი სქემის ამოქმედებამ ქალაქში საცობები გამოიწვია.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემის შეცვლის შეფასება არ შეიძლება. როგორც ხმალაძე განმარტავს, გამზირზე მოძრაობა არსებითად არის შეცვლილი, შესაბამისად, ყველა ტიპის ტრანსპორტს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება.

ამავდროულად, დედაქალაქის მერია გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილების სქემას ავრცელებს. უწყების ცნობით, ჭავჭავაძის გამზირიდან მარცხენა მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება აიკრძალა.


close დახურვა