"ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში," - ასე გამოეხმაურა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას.
ცქიტიშვილის თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის გრძელვადიანი ისტორიიული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული.
"ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა გაცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ეს არის ჩვენ ქვეყნებს შორის გრძელვადიანი ისტორიუილი ურთიერთობა. როდესაც ასეთი მნიშვნელობის პორტზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ამერიკელი ინვესტორები მისასალმებელია," - განუცხადა ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ეთერში ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა უთხრა რა უნდათ შავ ზღვაში ამერიკელებსო.
ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენდა, შესაძლოა მთავრობას კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გაეუქმებინა. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია. ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტებს არ წარადგენდა.
ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საბოლოო ვადა 2019 წლის ბოლომდე ეძლევა.