სამოქალაქო აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა თბილისის მერს, კახა კალაძეს საპასუხო საჩუქარი მიუტანა. მან დედაქალაქის მერიასთან მაისური მიიტანა, რომელზეც კახა კალაძისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთობლივი ფოტოა გამოსახული.
თბილისის მერმა საჩუქარი მიიღო და კვეკვესკირს ხელმოწერილი უკან დაუბრუნა. სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ თბილისის მერმა ვარკეთილში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მაშინ როცა მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. დღესვე სამოქალაქო აქტივისტმა საქმის აღძვრის მოთხოვნით წერილი მთავარ პროკურატურაში შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კახა კალაძემ კვეკვესკირს ანალოგიური საჩუქარი გაუკეთა და მაისური გადაუგზავნა, სადაც აქტივისტი სააკაშვილთან და სანდრა რულოვსთან ერთად არის გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება 5 ივნისს მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. ადგილზე მისულ კალაძეს "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, თბილისის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით კითხვის დასმა უნდოდათ, თუმცა კალაძე მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა.