მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საარჩევნო დარღვევების გამოძიების ჩატარებაზე მიუთითებს.
"მაკკეინის ინსტიტუტი მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები, ძალადობა და საარჩევნო საჩივრები. ჩვენ გავაგრძელებთ არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს. ქართველ დემოკრატებს ვუცხადებთ სოლიდარობას"- ნათქვამია განცხადებაში.
მაკკეინის ინსტიტუტი აცხადებს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად, არჩევნების დღის ადმინისტრირება უმეტეს უბნებზე პროფესიონალურად და ეფექტურად განხორციელდა, თუმცა დაფიქსირდა ამომრჩეველთა დაშინების, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, ძალადობის, ბიულეტენების ჩაყრის, ხმების დუბლირების, პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების ინციტედენტები ქვეყნის მასშტაბით.
მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებაში საუბარია ცესკოს წინასწარ შედეგებზე და აღნიშნულია, რომ ის მკვეთრად განსხვავდება ეგზიტპოლების ზოგიერთ შედეგისგან, მათ შორის დამოუკიდებელი Edison Research-ის მიერ ჩატარებულისაგან. ამ ეგზიტპოლებში ქართული ოცნება 40-42%ს შორისაა, ხოლო ოპოზიციური პარტიების ჯამური შედეგი 50%-ს სცდება.
განცხადებაში ასევე საუბარია წინასაარჩევნო პერიოდზეც, რა დროსაც, მაკკეინის ინსტიტუტის შეფასებით, შეინიშნებოდა მთავრობის მიერ დაშნების ნაცნობი ტაქტიკები, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებზე, ასევე, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, ხმების მოსყიდვა და ერთეული ძალადობის შემთხვევები.
გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი აცხადებს, "რომ არჩევნების სამართლიანობა საარჩევნო უბნების გახსნამდეც კი ეჭვქვეშ იყო".
"ხელისუფლების თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, შიშისა და დაშინების ატმოსფერო, კომპრომეტირებული საარჩევნო კომისია, ქართული ოცნების მუქარა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე - ეს ყველაფერი ძირს უთხრის სანდო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას"- განაცხადა თორნტონმა.
მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ეველინ ფარკასი აცხადებს, რომ ჯონ მაკკეინი 2008 წელს ქართველი ხალხის გვერდით იდგა და მხარს უჭერდა მათ მისწრაფებებს.
"დღეს საქართველო კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და მისი დემოკრატია მკვეთრად დაეცა ქართული ოცნების მმართველობისას. ეს არჩევნები კიდევ ერთ უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს" - აცხადებს ფარკასი.