logo
ENG



მალხაზ სონღულაშვილი: წერილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს არ ვწერ

27 დეკ 202010:57
3 წუთის საკითხავი
clock 2158
მალხაზ სონღულაშვილი: წერილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს არ ვწერ

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა, მალხაზ სონღულაშვილმა საჯარო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც, როგორც ამბობს, "საქართველოს პრეზიდენტს არ სწერს". 

სალომე ზურაბიშვილმა 25 დეკემბერს შობა მხოლოდ კათოლიკეებს მიულოცა, მაშინ, როცა ამ დღეს სხვა ქრისტიანებიც ზეიმობენ.

"როდესაც ამოვიკითხე, რომ საქართველოს პრეზიდენტი რომის კათოლიკეებს მიულოცა შობა საქართველოში და მთელ სამყაროში, ვიფიქრე, ნეტა დანარჩენმა ქრისტიანებმა (მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა და მთელი პროტესტანტული სამყარო), რა ფაფაში ჩაუყვეს-მეთქი ამ ქალს ფეხი.

ჯანდაბას ჩვენი თავი (ქართველი პროტესტანტებისა), მაგრამ ნეტა სხვებს რას ემდურის-მეთქი ეს ქალი.

ვიფიქრე: იქნება ანგელა მერკელზეა-მეთქი საქართველოს პრეზიდენტი ნაწყენი, იქნება ამერიკელ პარტინორებზე აქვს-მეთქი გული აჩხრეკილი, ან ჯონსონის თმის ვარცხნილობა არ მოსწონს-მეთქი, ან ტრუდოს ფრანგულს უწუნებს, ან საბერძნეთის პრემიერი არ ეპიტნავება და იმიტომ არ ულოცავს-მეთქი.

მერე, სულო ცოდვილო, ისიც ვიფიქრე, მრჩევლები არ ჰყავს და რა ქნას-მეთქი, საწყალმა. ვიფიქრე, იქნება რელიგიის კვლევების რომელიმე მაგისტრანტსა ვთხოვოთ ილიაუნიში, რომ პრეზიდენტს რელიგიის შესახებ მოხალისეობის პრინციპით რჩევები მიაწოდოს-მეთქი.

ასე გადავწყვიტე, წერილი მიმეწერა და ამეხსნა, რომ თუ შობას ულოცავს ვინმეს, ყველას უნდა მიულოცოს, ვინც 25 დეკემბერში ზეიმობს და 7 იანვარს არ გალობს „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემასაო.“ ისიც მინდოდა მიმეწერა, მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა 25-ში აღნიშნავს-მეთქი შობას. ვინც არ აღნიშნავს, თავს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იკავებს და მალე ისინიც 25-ში იზეიმებენ-მეთქი. იმის შეხსენებაც მინდოდა, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ნანატრი ავტოკეფალია მოიპოვა, შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ 25-ში ეზეიმათ-მეთქი შობა.

მაგრამ გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტ მარგველაშვილს უკვე მივწერე. მანაც მიიღო ჩემი შენიშვნა. როგორც ღირსეულმა ადამიანმა მოიბოდიშა და იმის მერე ყველსა ულოცავდა შობას ვინც 25-ში აღნიშნავდა და ვინც 7-ში. პრეზიდენტი ხომ წესით ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს!

არა ამჟამინდელი პრეზიდენტის, არამედ სხვების გასაგონად ვიტყვი, რომ შობის მილოცვისას ვიღაცეების უგულებელყოფა და დაჩაგვრა ღალატია თვითონ შობის პრინციპისა, რომლის მიხედვითაც სუსტი და მოწყვლადი ყრმა უფრო მნიშველოვანია, ვიდრე ჰეროდე დიდი და ძლიერნი ამა სოფლისანი. შობა გვასწავლის, რომ ყველა ადამიანი თანაწსორია. რა ვუყოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ სცემს პატივს, სამაგიეროდ ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს. საბედნიეროდ ამ სოფლის ძლიერებზე არ არის დამოკიდებული, ვის გულში დაიბადება და ვის გულში დაიდებს ბინას განკაცებული მაცხოვარი და ვისაში - არა.

ყველას გილოცავთ შობას, ვინც 25-ში აღნიშნავთ, ვინც 7-ში აღნიშნავთ (მათ შორის პრეზიდენტსაც), ვინც ვერ აღნიშნავთ და ვინც არ აღნიშნავთ საერთოდ. შობა მარტო ქრისტიანების დღესასწაული არ არის. ის ყველასია, ვისაც მშვიდობისა, სიყვარულისა, თავისუფლებისა და სამართლიანობისა სჯერა".- წერს მალხაზ სონღულაშვილი. 


close დახურვა