პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემაც. მან მოუწოდა მთავრობას, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად და განაცხადა, რომ მიმდინარე აქციაზე პროტესტი იქნება ძლიერი, თუმცა კანონის ფარგლებში.
„ვაჟა გაფრინდაშვილს წაართვეს თავისუფლება. მე მინდა მივმართო ჩვენს ოს ძმებს - ეს არ არის სწორი, როცა ექიმი გადმოდის, რომ ავადმყოფს უშველოს და თქვენ მას აპატიმრებთ. მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ეხება, სანამ დროა, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და, რაც ყველაზე მთავარია, ამ უნიათო მთავრობას, სანამ ჩვენ არ ვისწავლით ერთი კაცის თავისუფლებისთვის ბრძოლას, ჩვენ სულ ვიქნებით გაუგებრობაში. დღეს ყველას ვაჟა გვქვია. კაცი, რომელმაც თქვა, რომ მისი საზღვრები არის ფსოუზე და არა აქ, ცხინვალთან. ასეთ ქართველებზე დგას საქართველო. იმიტომ, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ბოლომდე თავისუფალი, სანამ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან. სანამ ასეთი ახალგაზრდები არ იქნებიან აქ, რომ დაგვანახეს, როგორ უნდა თავისუფლებისთვის ბრძოლა. სწორედ ამ ბრძოლამ მოიპოვა ის დაპირება, რომლითაც ჩვენ თავისუფალი არჩევნები უნდა ჩაგვეტარებინა. მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა, მისმა დამქაშებმა მთელი ქვეყანა მოატყუეს, თითოეული ჩვენგანი მოატყუეს. იმიტომ ვართ ჩვენ აქ ერთად. პროტესტი იქნება ძლიერი, კანონის ფარგლებში“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პარლამენტის წინ აქცია დაახლოებით ერთი საათია, რაც დაიწყო. შეკრებილი საზოგადოება აქციაზე „ერთად ერთის წინააღმდეგ" მოითხოვს ვადამდელ პროპორციული წესით არჩევნებს, დროებითი მთავრობის დაკომპლექტებასა და ცესკო-ს რეორგანიზაციას.