საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. მისი თქმით, პარტიული ღონისძიებების ჩატარება იმის ფონზე, რომ მოქალაქეს თავისუფალი გადაადგილება ეზღუდება, სირცხვილია.
„ხელისუფლება არის უუნარო და ამ სახელმწიფოს უნარიანობა არის მხოლოდ ის ხალხი, ვინც აქ იკრიბება. არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმას, რომელი პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან აქ. სირცხვილია, როცა ხელისუფლება უზარმაზარ ღონისძიებას ატარებს; სირცხვილია, როცა მათი წარმომადგენელი ილანძღება და შიდა საუბრები გამოაქვს გარეთ. ეს ადამიანები, ვაჟა გაფრინდაშვილის მსგავსი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, გაისტუმრებენ ამ ხელისუფლებას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
იაფფასიანი სპეკულაცია უწოდა მამუკა ხაზარაძემ მამუკა მდინარაძის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილებები და 2024 წლამდე ყველა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს შერეული წესით.
„ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია, მე მათგან კარგს არაფერს არ ველოდები. ყველა სცენარისთვის მზად ვართ - ეს იქნება რიგგარეშე, შერეული თუ პროპორციული, ჩვენ მათ დავამარცხებთ“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ოძისთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას გამართავენ. ექიმი უკვე 37-ე დღეა, ტყვეობაში იმყოფება.