logo
ENG



მაჟორიტარი დეპუტატები მათივე ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ

13 ნოე 201920:21
3 წუთის საკითხავი
 
krssrk9lois2kzx.jpg

„ქართულ ოცნებას“ კონსენსუსის მისაღწევად კიდევ ერთი შანსი დარჩა. გუნდი დღესაც ვერ შეთანხმდა და კენჭისყრა ისევ გადაიდო. ამჯერად ტაიმაუტს მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა. ტექნიკური კონსულტაციებისთის პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქციების ხელმძღვანელები ტრიბუნასთან იხმო.   

ხვალ საკანონმდებლო ორგანოდან პროცესები ისევ პარტიის ოფისში გადაინაცვლებს. იქ კი ბიძინა ივანიშვილი თანაგუნდელთა დარწმუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება. გაჭრის თუ არა ამჯერად მაინც მილიარდელის ავტორიტეტი - უცნობია. ფაქტია, რომ დღეს გადაბირების პროცესი კრახით დასრულდა. სხდომის შემდეგ მაჟორიტარების პოზიცია კიდევ უფრო გამწვავდა. 

მაჟორიტარები დღეს მათივე ინიცირებულ კანონპროექტს დაუპირისპირდნენ. თან ისე, რომ ორთვიანი კონსულტაციებისას არაფერი უთქვამთ. იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდეს, 37 მოწინააღმდეგეც საკმარისია - მაჟორიტარები ამბობენ, რომ ბევრნი არიან. .

ოპოზიციას მაჟორიტარების პროტესტის არ სჯერა. პოლიტიკური პარტიები ეჭვობენ, რომ პროცესი მართულია. სცენარის ავტორებში კი, ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა იკითხება.

„ქართულ ოცნებაში" გუნდში არსებულ დაპირისპირებასაც ოპოზიციას აბრალებენ. ფიქრობენ, რომ მაჟორიტარების გაღიზიანება მათ კრიტიკას მოჰყვა.

პარტია "ქართული ოცნების" ოფისში ხვალ დეპუტატები დილის 10 საათზე შეიკრიბებიან, შემდეგ დღევანდელის მსგავსად , ერეკლე მეორეს ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლებენ.

 


close დახურვა