ოპოზიციის კანდიდატების სია მაჟორიტარულ ოლქებში მალე მზად იქნება. ჩაშლილი მოლაპარაკების ფონზე, ხელისუფლების ოპონენტები ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობენ. უკვე მიღწეულია შეთანხმება იმაზე, რომ ოპოზიციის კანდიდატები ერთმანეთს კონკურენტებს არ დაუყენებენ და ყველა ერთად "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იბრძოლებს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მათი გეგმით, მმართველი გუნდი არჩევნებს არსებული სისტემითაც წააგებს, თუმცა ისინი ისევ ერთიანები არიან მთავარ მოთხოვნებში - მეტი პროპორციულობის ელემენტი საარჩევნო სისტემაში და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
ვინ იქნებიან შეთანხმებული კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში, ოპოზიცია ჯერ არ აკონკრეტებს. მათი თქმით, განიხილება ყველა ოპოზიციური ლიდერი და ჩამოყალიბებულ სიას მარტში გაასაჯაროებენ.
"ქართულ ოცნებას" დესტრუქციული ქმედებების და პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების გამო აკრიტიკებს პარტია "ლელო", რომელიც მაჟორიტარული შეთანხმებული კანდიდატების წარდგენის გეგმაში ამ ეტაპზე ჩართული არ არის. სერიოზულ შეთავაზებას ელოდებიან უმრავლესობისგან პარტია "გირჩის" წევრებიც, რომლებმაც საარჩევნო საკითხებზე კერძო შეხვედრა გამართეს "ქართულ ოცნებასთან".
ერთ კვირაში იწურება უმრავლესობის ულტიმატუმის ვადა, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნება" ოპოზიციას სთავაზობს დასთანხმდეს მოდელს 100-50-ზე, ან არჩევნები კვლავ არსებული სისტემით ჩატარდება. უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათ შეთავაზება კომპრომისულია და არ სჯერა ოპოზიციის ერთიანობის.
საარჩევნო სისტემაზე დიპლომატების ორგანიზებით გამართული შეხვედრების ფორმატი ოპოზიციამ გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ დატოვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად, ისინი პოლიტიკური პატიმრების გათვისუფლებასაც მოითხოვენ.