„ლელოსთან საუბარი და კონსულტაციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს,“ - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.
კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან არის ყველაზე ახლოს გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ამ თემაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.
„პოლიტიკოსებთან კონსულტაციები ჯერ არ მქონია. კონსულტაციები ჯერ ჩემი გუნდის შიგნით მაქვს. მინდა, რომ ჩემ მეგობრებთან ერთად, ვისთანაც მე საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ვახორციელებდი, მათთან ერთად ჩამოვყალიბდე რა უნდა იყოს მომავალი ნაბიჯები. პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“ იმ გაერთიანებაშია, რომელიც მე მომწონს. „ლელოსთან“ საუბარი და კონსულტაციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი განცხადებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის უარის თქმა უბრალოდ პოლიტიკური დიალოგი არ არის. მისივე თქმით, საფრთხეში დადგება, როგორც უვიზო მიმოსვლა, ასევე თავისუფალი ვაჭრობა და ამერიკასთან ახალი ურთიერთობების გაღრმავება
„ჩემი მიზანია არ შეიცვალოს, შეიძლება რთულად განვითარებადი, პრობლემების მქონე, საქართველოს დემოკრატიული გაღრმავება და საქართველოს პროდასავლური გზა. ნებისმიერ ადამიანს შეეხება ეს ყველაფერი. ჩვენი პარტნიორებისთვის უარის თქმა ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური დიალოგი. მოქალაქეებს მინდა მივმართო, ხომ დადიხართ უვიზოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში? ხომ ვეღარ ივლით თუ ზურგს შეგვაქცევენ? არც ის უვიზო რეჟიმი არ იქნება, არც თავისუფალი ვაჭრობა არ იქნება, არც ამერიკასთან ახალი ურთიერთობების გაღრმავება არ იქნება. მე მაღალ პოლიტიკურ იდეალებზე კი არ ვსაუბრობ, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერების ვექტორები აღარ იქნება, აღარ იქნება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.