logo
ENG



მარგველაშვილი: ოპოზიციური მაგიდა მნიშვნელოვანია რთული პოლიტიკის ჯანსაღი განვითარებისთვის

12 თებ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უახლოეს მომავალში ოპოზიციურ მოძრაობას შეუერთდება. ის ამ ეტაპზე პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს, თუმცა კონსულტაციები აქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავის დროზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ.

„ოპოზიციური მაგიდა ძალიან მნიშვნელოვანია რთული პოლიტიკის ჯანსაღი განვითარებისთვის,“- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციასთან დაკავშირებით აკეთებს. მისივე განცხადებით, ის მომდევნო დღეებში გაივლის კონსულტაციებს და განსაზღვრავს იმ გეგმას, რომელიც სასარგებლო იქნება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვისათვის.

მისივე განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეებთან და დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის არასწორი გზა აირჩია.

„ამ დღეებში გავივლი კონსულტაციებს ჩემ მეგობრებთან და ჩამოვყალიბდებით რა იქნება სასარგებლო პროცესისთვის. მე ამ პროცესის გაძლიერებაში ვხედავ ყველაზე დიდი მნიშვნელობას.  ოპოზიციური მაგიდა რაც შედგა არის ძალიან მნიშვნელოვანი რთული პოლიტიკის ჯანსაღი განვითარებისთვის. დასავლეთმა ჩვენ მიმართ დააფიქსირა ნათელი გზავნილი, რომ მიუღებელია ამ ვითარებაში გაგრძელება მითუმეტეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არის ვაშინგტონში, ამ დროს ხდება დემონსტრაციულად ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის გიგი უგულავას დაკავება. ის კომუნიკაცია, რომელიც დაამყარა ქართულმა ოცნებამ ქართველ საზოგადოებასთან და დასავლელ პარტნიორებთან, ნამდვილად იმის მთქმელია, რომ ჩვენ პარტნიორებს და იმ სახელმწიფოებს, რომელთა კავშირსაც ჩვენ ვესწრაფვით, გამოუხურა კარი. ეს ქვეყნები ჩვენი სუვერენიტეტის გარანტიაა“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს. მისი თქმით, ადამიანებმა რომლებიც ქართულ პოლიტიკაში იმსახურეს, ის კომფორტის ზონა უნდა დატოვონ, რასაც პოლიტიკური მოვლენების გვერდიდან ყურება ჰქვია. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ყოფილი პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას დადებითად აფასებენ და მზად არის იგი სამომავლო სამოქმედო გეგმებშიც ჩართოს. 


close დახურვა