საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა“ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასა და მიმდინარე კონსულტაციებზე ისაუბრა.
როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, ამ პროცესში მისი ჩართვის მიზანი არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან მიერთება, არამედ მოქალაქეებისთვის ალტერნატიული ძალის შეთავაზებაა.
„ჩემი პოზიცია არასდროს არ ყოფილა არც „ნაცი“ არც „ქოცი“, ეს არ არის ჩემი დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ. ჩემი ამომრჩეველი არ არის არც ერთ მხარეს. არც „ნაცი“ არც „ქოცი“ ნიშნავს იმას, ვიღაც „ნაცების“ საწინააღმდეგოდ აძლევს ხმას „ოცნებას“, ხშირად იმიტომ რომ პანიკურ მდგომარეობაში აგდებენ ამომრჩეველს და ვიღაც „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ აძლევს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩემი აზრით ეს სტრესული და პანიკური მდგომარეობა, უნდა მოვუხსნათ ამომრჩეველს და ვუთხრათ, რომ თქვენ გაქვთ კიდევ სხვა შესაძლებლობები. ჩემი დამოკიდებულება არის, რომ ეს პროცესი შედგეს, არ შედგეს რაღაც პროვინციული ავტორიტარიზმი და შედგეს რაღაც ალტერნატიული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.