logo
ENG



მარგველაშვილი ივანიშვილზე: მან დაარტყა არა რომელიმე პარტიას, არამედ მთელ პოლიტიკას

07 დეკ 201922:36
3 წუთის საკითხავი
 
dkocxvf3x7gal03.jpg

საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დაუპირისპირდა სრულიად პოლიტიკურ სპექტრსა და თავად პოლიტიკას. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის სურვილია, გააქროს პოლიტიკა, როგორც პროფესია და, შესაბამისად, დაარტყა არა მხოლოდ კონკრეტულ პარტიებს, არამედ მთელ ოპოზიციას.

„როდესაც მე, მმართველს მაქვს იმის ფუფუნება, რომ გავცე შენზე პირობა და მერე ვთქვა, რომ ამ პირობას მნიშვნელობა არ აქვს, პლუს საარჩევნო სისტემა მქონდეს ისეთი, რომ საბოლოო ჯამში შენ მე საერთოდ აღარ მჭირდები, როგორც პარტნიორი, მე, არ აქვს მნიშვნელობა: ბურჯანაძეს, ბოკერიას, ნათელაშვილს - ყველა პოლიტიკოსს ვეუბნები, რომ აღარ მჭირდებით. თქვენ არა ოპოზიციად, არამედ როგორც პარტნიორადაც არ მჭირდებით. როგორც კლასი, პოლიტიკური კლასი აღარ უნდა არსებობდეს. საერთოდაც ხომ სულ დარტყმის ქვეშაა პოლიტიკური კლასი, რომ პოლიტიკა ცუდია, ბინძურია, პოლიტიკოსები ცუდები არიან და ა.შ. მაგრამ, რეალობა ხომ ისაა, რომ ყველგან დემოკრატიულ პროცესში პოლიტიკოსი გჭირდება. ამან საერთოდ ყველას დაუმთავრა ბიოგრაფია. პროფესია დაამთავრა საქართველოში პოლიტიკოსის. მაჟორიტარი მეყოლება, ანუ 50%. იმ 50%-ის ნაწილშიც საჯარო რესურსი მაქვს, ანუ არც კონსტრუქციულ ოპოზიციად, არც არაკონსტრუქციულად საერთოდ აღარ მჭირდები. აქ იყო მთავარი შეცდომა - მან რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ დაარტყა, არამედ დაარტყა პოლიტიკას, როგორც ასეთს. ამ პროფესიას საქართველოში საერთოდ აღარ უნდა ეარსება - ეს იყო მისი ვერსია, რომლითაც გამოვიდა“, - ამბობს გიორგი მარგველაშვილი. 

მეოთხე პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა პოლიტიკოსების წინააღმდეგ შეადარა „ქართული ოცნების“ გუნდში შიდადაპირისპირებებს. მისი თქმით, გუნდში არ არსებობდა თანაგრძნობა და ემპათია თანამებრძოლებს შორის და ამან გამოიწვია ის, რომ ახლა მმართველ პარტიაში, ფაქტობრივად აღარ დარჩნენ პოლიტიკოსები. თუმცა, მისივე განცხადებით, მთავარი განსხვავება ისაა, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი დაუპირისპირდა მთელ პოლიტიკულ სპექტრს და სწორედ ამან გააერთიანა ოპოზიცია. 

„ჩვენ ვინც გავერთიანდით სააკაშვილის წინააღმდეგ, მივაღწიეთ პოლიტიკურ მიზანს უმაღლესი შედეგით. საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანად და ლეგიტიმურად. ამაში „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაცაა - მათ არ გადაწყვიტეს ჩვენთან ბრძოლა და დაპირისპირება. ამის შემდეგ მე ვიყავი პირველი, რომელთანაც მოხდა ეს განხეთქილება, არასწორი პროცესი მიმდინარეობს შიგნით. რომ გითხრათ, რომ ვიღაცა ჩემი თანამებრძოლებიდან გადამეფარა და თქვა, რომ ეს ადამიანი ჩვენი თანამებრძოლი არ იყო წლების განმავლობაში, ჩვენ არ გავიყვანეთ პრეზიდენტად? იქნებ ეკითხა ვინმეს, რატომ გახდა უცებ ცუდი ეს ადამიანი. მერე უკვე ვუყურებდი ამ პოლიტიკური ლიდერებიდან თანდათან ყველა როგორ იქნა მოკრეფილი და ჩადებული კალათაში. მაგრამ სხვა არის ბრძოლა, როცა ცალ-ცალკე ლიდერს ამოარჩევ - მან ამ შემთხვევაში ბრძოლა ყველას გამოუცხადა. როცა იქნა განცხადებული, მაშინ წავალ პოლიტიკიდან, როცა კარგი ოპოზიცია იქნება, ეს ნიშნავს, რომ დღეის ამას იქეთ „ქართული ოცნების თავმჯდომარე განსაზღვრავს, ვინ არის კარგი ოპოზიცია, ვინ არის ცუდი ოპოზიცია. მერე იმ ოპოზიციას საკეთებელიც არაფერი ექნება, აღარ იქნება პოლიტიკური თამაში. ამიტომ გაერთიანდა ახლა ყველა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ისაუბრა.

 


close დახურვა