საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით გამართული აქციები და ხელისუფლების მიერ დაპირისპირებული კონტრ-აქციები შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების გამოუცდელობის ბრალია. მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ასეთი კონტრ-აქციები ხელისუფლებას ხალხისგან აშორებს.
„რამდენჯერ ყოფილა საქართველოში ასეთი კონტრ-აქციები და ამის მერე ხდება ხელისუფლების ხალხთან გაუცხოება. მე ვხედავ საფრთხეს ხელისუფლების უსუსურობის და ამის ფონზე ხელისუფლების სისუსტეს, რომელიც ექსცესებამდე მიგვიყვანს, მაგრამ დაპირისპირების საქმეს ვერ ვხედავ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს კი მიაჩნია, რომ ქუჩაში არსებული დაპირისპირება სიტუაციას ართულებს.
„რაც შეეხება კონტრ-აქციებს. დაძაბულობა ქუჩაში ართულებს სიტუაციას, რაც ნიშნავს, რომ თავშეკავება საჭიროა. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. იგივე ეხება კანონის უზენაესობასაც“, - განაცხადა ჰარცელმა.