logo
ENG



მარეგულირებელმა კომისიამ ფორმულას წინააღმდეგ საზმაუს სარჩელი არ დააკმაყოფილა

27 აგვ 202017:04
3 წუთის საკითხავი
 

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება ფორმულას გადაცემას "ფსკერი", რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა ახალი დღის ლოგოები და ვიზუალური შეფუთვა უცვლელი სახით გამოიყენეს.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ფორმულამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს პაროდიის მიზნით დაადო და აღნიშნული ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა. მათი თქმით, საქმის მასალებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ფორმულას მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ახალი დღის ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულას პაროდიულ-იუმორისტული მიზნით განთავსებული გადაცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებების არამართლზომიერ გამოყენებად არ ჩათვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

საავტორო უფლებების ნაწილში ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი კომისიამ წარმოებაში 20 აგვისტოს მიიღო. საქმე გადაცემა ფსკერის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულ იუმორისტულ სატირულ სკეტჩს ეხებოდა. 

პირველი არხი მიიჩნევდა, რომ ფორმულამ საავტორო უფლებები დაარღვია და მარეგულირებელი კომისიისგან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვდა.

"მიგვაჩნია, რომ იუმორისტულ სკეტჩად შეფუთული პირველი არხის გადაცემის "ახალი დღე" უნიჭო იმიტაცია, განზრახ მიმართული იყო მაყურებლის შეცდომაში შეყვანაზე, რადგან პირველი არხის სახელით და 'არაიუმორისტული' ფორმით, გადაცემა 'ფსკერის' სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი.

ნდობა - ეს არის ერთერთი ღირებულება, რასაც ეფუძნება საზოგადოებრივი მაუწყებელი. სწორედ ამიტომ კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პირველი არხის სახელით ეთერში, თუნდაც 'იუმორის' სახით შეფუთული კონტენტის მომზადება და ეთერში გაშვება", - ეწერა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარში. 


close დახურვა