სავარაუდოდ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლისა და ძალადობის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე ამ დრომდე ერთი პირია დაკავებული. გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი არ აღიარებს ბრალს, რომ ლუკა სირაძის დაკითხვისას ადგილი ძალადობას ჰქონდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მოზარდი ყოფილ თანაკლასელთან ერთად, დაპირისპირების პრინციპით გამოკითხა. გამომძიებელი უკვე მეორე დღეა საავადმყოფოშია, ბრალი მას სწორედ პალატაში წაუყენეს. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ლუკა სირაძის დედის მსგავსად, საკუთარ ჩვენებაში სკოლის უსაფრხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ მარიანა ჩოლოიანის გარდა, 15 წლის ბიჭს კიდევ სამი სამართალდამცველი ემუქრებოდა, მათ შორის მოზარდის ძმისთვის პრობლემების შექმნით.
რაც შეეხება მარიანა ჩოლოიანს, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. უკვე 2 დღეა ის კავკასიის მედიცინის ცენტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით სტაციონარშია მოთავსებული. ადვოკატის ინფორმაციით, მძიმე ემოციური შოკის შემდეგ, მას მეტყველება არ შეუძლია.
მარიანა ჩოლოიანის ადვოკატისგან განსხვავებით, საქმის მასალებში 2 პირდაპირი მოწმის ჩვენება წაიკითხა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა. რევაზ აჭარაძე ამბობს, რომ ლუკა სირაძის დედის მსგავსად საკუთარ ჩვენებაში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ 4 სამართალდამცველი, მათ შორის კი მარიანა ჩოლოიანი 15 წლის ბიჭს ემუქრებოდნენ.
"საიას" იურისტი დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს. რევაზ მამასახლისს უფლებამოსილება რამდენიმე დღის წინ შეუჩერეს. ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი ამბობს,რომ მამასახლისმა ბიჭი რამდენჯერმე ცალკე გაიყვანა და მშობლის გარეშე გაესაუბრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე გამოკითხა 70-მდე პირი, მათ შორის "მწვანე სკოლის" ადმინისტრაცია, დირექტორი და პედაგოგებიც. ინსპექტორის წარმომადგენლები დღეს სკოლაში იყვნენ, სადაც მოსწავლეების პერსონალური ინფორმაციის მოგროვებისა და გავრცელების დროს შესაძლო გადაცდომებს იკვლევდნენ.
ძალოვან სტრუქტურებში სისტემურ პრობლემებს მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტები პოლიციის სხვადასხვა შენობასთან აპროტესტებდნენ. მათ საპროტესტო სტიკერები დიღმის იმ სამმართველოშიც დატოვეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით 15 წლის ბიჭზე ფსიქოლოგიურად იძალადეს.
გამოკითხვიდან გამოსულმა ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, მის გადარჩენას ექიმები 6 დღის განმავლობაში ცდილობდნენ.