logo
ENG



მარიკაშვილი კარტოგრაფებზე: თუკი არსებობს საღი აზრი, დღეს ეს ადამიანები უნდა გამოუშვან

30 ნოე 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

დაკავებული კარტოგრაფების აღკვეთის გადასინჯვის განხილვის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ გააბათილეს ბრალდების არგუმენტები და საღი არსებობის შემთხვევაში, ისინი უნდა გათავისუფლდნენ. ფორმულასთან საუბარში ედუარდ მარიკაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომაზე მათ ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს იმის დასტურად, რომ სადავო რუკები გამოსაყენებლად უვარგისია. 

"თუკი არსებობს რაიმე საღი აზრი, დღეს ეს ადამიანები უნდა გამოუშვან. არ არსებობს არც დანაშაულის შემადგენლობა. ჩვენ ახალი ექსპერტიზის დასკვნა წარვადგინეთ, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო რუკები უვარგისია და არ არსებობს არც რაიმე სხვა საფრთხე, რომელზეც პროკურატურა აპელირებდა. 

ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების გათავისუფლებას, ასობით ადამიანის თავდებობის საფუძველზე", - ამბობს მარიკაშვილი. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანაშრომლობით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ ედავება უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას. უწყება მათ ედავება აზერბაინჯანთან კომისიის დონეზე სამუშაო დოკუმენტებზე შეთანხმებაზე და ამტკიცებს, რომ კომისიას სხვა დოკუმენტები რომ გამოეყენებინა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა. 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება, უარი ეთქვათ ირაკლი ღარიბაშვილის და სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ წერილზე პასუხს არ სცემს. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ უწყება მიზანმიმართულად მალავს მელაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელ დოკუმენტებს. 


close დახურვა