logo
ENG



მარიკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: მთლიანი საზოგადოებისთვისაა საფრთხის შემცველი

28 სექ 202312:16
3 წუთის საკითხავი
 

დემოკრატიული ინიციატივების თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება თეთრი ფურცლისა და "ირაყლის" ბანერების გამო დაკავებულების სამართალდამრღვევად ცნობაზე, მთელი საზოგადოებისთვისაა საფრთხის შემცველი. ის ერთ-ერთია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პოლიციამ 2 ივნისს გამართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავა, ხოლო გუშინ სასამართლომ დააჯარიმა.

"ეს არა იმდენად საფრთხე არის ჩვენთვის, ინდივიდუალურად, ვინც დაგვაჯარიმეს, გაგვასამართლეს, დაგვსაჯეს, არამედ, მთლიანად საზოგადოებისთვის არის საფრთხის შემცველი.

ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სხვადასხვა დროს, შესაძლოა, სხვადასხვა მშვიდობიანი არაძალადობრივი აქტივობა გახდეს სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძველი და შესაბამისად, ისინი დაექვემდებარონ პასუხისმგებლობას. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი გადაწყვეტილება და ეს ტენდენცია არის, მით უფრო შეიზღუდება ადამიანების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სივრცე და მასშტაბი", - ამბობს ის.

***

2 ივნისს აქციაზე თეთრი ფურცლებისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მიტანილი ბანერების გამო დაკავებულები გუშინ სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო.
საბა ბრაჭველი, ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და გრიგოლ ფრანგიშვილი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ერთ მუხლში გაამართლა და მათ 500-ლარიანი ჯარიმები დააკისრა. ხოლო იმავე დღეს დაკავებული ნოდარ სიხარულიძე მან ორივე მუხლში გაამტყუნა და 2 000 ლარით დააჯარიმა.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები.

დაკავებულს შორის იყო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში.

თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა.

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.

 

close დახურვა